„თუ შეერთებულ შტატებთან ტრანსატლანტიკური ხელშეკრულება გაფორმდება, ევროპა კოლონიალურ მდგომარეობაში აღმოჩნდება“ - რა საფრთხე ელოდა დიდ ბრიტანეთს ევროკავშირში დარჩენის შემთხვევაში?

bim.ge
access_time 6-07-2016, 15:22 remove_red_eye 11 835 play_circle_outline პოლიტიკა

დიდმა ბრიტანეთმა დამოუკიდებლობა მოიპოვა და ბრიუსელის წნეხისგან გათავისუფლდა-სწორედ ასე აფასებენ ისტორიულ რეფერენდუმს ბრიტანელი ევროსკეპტიკოსი პოლიტიკოსები, რომლებმაც 23 ივნისს „დამოუკიდებლობის დღე“ უწოდეს და პრემიერ-მინისტრს დევიდ კემერონს დაუყონებლივ გადადგომისკენ მოუწოდეს.

ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი “გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებლობის პარტიის” ლიდერი ნაიჯელ ფარაჯი მომხრეებთან ერთად გამარჯვებას ზეიმობს. “ჩვენ გავიმარჯვეთ მთელი ევროპის საკეთილდღეოდ, ამ გამარჯვებამ შესაძლოა, ერთიანი ევროპის წარუმატებელი პროექტის მარცხი გამოიწვიოს. ჩვენ ტრანსნაციონალური კორპორაციების, მსხვილი ბანკების, დიდი პოლიტიკის, ტყუილისა და კორუფციის წინააღმდეგ ვიბრძოდით. დღეს, როგორც ჩანს, პატიოსნება, ღირსება და ქვეყნისადმი რწმენა იმარჯვებს. ჩვენ ეს ბრძოლისა და ტყვიის გასროლის გარეშე გავაკეთეთ. ჩვენ ამას ბევრი შრომის შედეგად მივაღწიეთ”, - აცხადებს ნაიჯელ ფარაჯი.

დიდ ბრიტანეთში ჩატარებული ისტორიული რეფერენდუმი ევროპისთვის, შესაძლოა, მართლაც გადამწვეტ და გარდამტეხ მოვლენად იქცეს. ევროსკეპტიკოსებს გამარჯვებას საფრანგეთის ულტრა-მემარჯვენე პარტიის ლიდერი, პოპულარული მარი ლეპენიც ულოცავს და ფაქტს „მეტად სასიხარულოს“ უწოდებს.

მიუხედავად გარკვეული პროგნოზებისა, ბრიტანელების გადაწყვეტილება ევროპისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. ევროკავშირის მაღალჩინოსნები რეფერენდუმის შედეგებთან დაკავშირებით იმედგაცრუებას გამოხატავენ, ბრიტანელი ევროსკეპტიკოსების ოფიციალურ გამარჯვებას კი „კატასტროფას“ და „სამწუხაროს“ უწოდებენ.

შედეგების მიხედვით, ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლას მხარი ამომრჩევლის 51,9%-მა დაუჭირა, წინააღმდეგი კი- 48,1 % წავიდა. გასვლის ყველაზე მეტი მხარდამჭერი ინგლისსა და უელსში დაფიქსირდა, ევროკავშირში დარჩენის მსურველი კი - ლონდონში, შოტლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიაში სჭარბობს.

მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვება, დიდი ალბათობით, შესაძლოა ამ უკანასკნელის რღვევის დასაწყისად იქცეს, დონალდ ტუსკი დეზინტეგრაციის გაგრძელების პროცესს გამორიცხავს. მისი განცხადებით, ევროკავშირის 27-ვე ლიდერი მტკიცედ არის განწყობილი ერთობის შესანარჩუნებლად.

„ბოლო წლები ევროკავშირის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო, მაგრამ ყოველთვის მახსოვს მამაჩემის სიტყვები: ის, რაც არ გკლავს, უფრო ძლიერს გხდის“-აღნიშნავს ტუსკი.

მას შემდეგ, რაც რეფერენდუმის შედეგები გამოცხადდა, ინგლისის სამეფოს წინააღმდეგ სხვადასხვა ნაღმებმა ამოქმედება მომენტალურად დაიწყო. ევროკავშირიდან გასვლის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო შოტლანდიამ რამდენიმე საათში ბრიტანეთიდან გამოყოფის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება დააანონსა, ხოლო ჩრდილოეთ ირლანდიამ ირლანდიასთან გაერთიანების მოთხოვნა წამოაყენა. ამასთან, საფრანგეთი დიდ ბრიტანეთს საზღვარზე კონტროლის შემსუბუქებით და მიგრანტების ნაკადის მიშვებით აშანტაჟებს. შეერთებული შტატები კი ბრიტანეთს სავაჭრო ურთიერთობების გაწყვეტით ემუქრება. აღსანიშნავია ისიც, რომ წინასწარი შედეგების გამოცხადების ფონზე, ფუნტი დოლართან მიმართებაში. თითქმის 10%-ით გაუფასურდა და ისტორიულ ზღვარს მიაღწია.

ევროპის კონტინენტზე მომხდარ ერთგვარ გადატრიალებას და გლობალური ცვლილებების დასწყისს დასვლელ ჩინოვნიკთა ნაწილი მოსკოვს უკავშირებს. რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი მაიკ მაკფოლი თვლის, რომ ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგი ვლადიმერ პუტინის საგარეო პოლიტიკის გამარჯვებაა”.

მსგავსი ვერსიების გაჟღერებას რუსეთის პრეზიდეტი „პოლიტიკურ უკულტურობად“ აფასებს.

რა საფრთხის წინაშე იდგა გაერთიანებულ სამეფო ევროკავშირში დარჩენის შემთხვევაში? აქვს თუ არა წილი რუსეთს შექმნილ ვითარებაში? რა პოლიტიკური შედეგი შეიძლება მოჰყვეს დიდი ბრიტანეთის მიერ მიღებულ ისტორიული გადაწყვეტილებას და როგორ აისახება ეს პროცესები საქართველოზე? sazogadoeba.ge-ს პოლიტოლოგი, პროფესორი თამარ კიკნაძე ესაუბრება:

-ქალბატონო თამარ, როგორ ფიქრობთ, რა ფაქტორებმა იქონია ყველაზე მეტად გავლენა ბრიტანელი ხალხის გადაწყვეტილებაზე, დატოვონ ევროკავშირი?

-ბრიტანეთი ევროკავშირის ისეთივე წევრი, როგორიც სხვა ქვეყნები იყვნენ, არც ყოფილა. მაგალითად, ის არ შედიოდა არც შენგენის ზონაში და არც სავალუტო კავშირში. ბრიტანეთი კუნძულზე მდებარეობს და ისტორიულად მუდამ ბრწყინვალე იზოლაციის პოლიტიკას ატარებდა.

მათი ყველაზე დიდი მონაპოვარი არის ის ფინანსური ცენტრი, რომელსაც ინგლისისთვის შემოსავლები მოაქვს. პირობები, რომელიც ევროკავშირშია, ბრიტანელებისათვის არ იყო ხელსაყრელი. ევროკავშირის უზარმაზარი ბიუროკრატიული მექანიზმი პოლიტიკოსებს საშუალებას არ აძლევდა, გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიეღოთ. გარდა ამისა, ეროვნულ სახელმწიფოებს პრობლემები ექმნებოდათ. როდესაც ეს ქვეყნები ევროკავშირში შევიდნენ, სუვერენიტეტის ძალიან დიდი ნაწილზე უარი თქვეს, ხდებოდა მათი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია და ბოლო დროს ჩვენ ვნახეთ, რომ ევროკაშირში ძალიან ბევრი პრობლემა გაჩნდა.

მთავარი ის არის, რომ ევროკავშირს არავითარ შემთხვევაში არ სურს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ევროატლანტიკური თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება. აღნიშნული ხელშეკრულება ევროკავშირს ამერიკასთან დამოკიდებულებაში კოლონიალურ რეჟიმში აყენებს. მოგეხსენებათ, კაპიტალიზმი ექსპანსიონისტური ბუნებისაა, საბჭოთა კავშირის დარღვევამ ამერიკის შეერთებულ შტატებს შვება მისცა. გვახსოვს ჩვენ, რომ კლინტონის პირობებში შეერთებული შტატების ბიუჯეტი პროფიციტული პირველად გახდა. რესურსები ამოიწურა, მსოფლიოში საყოველთაო კრიზისია, რაც ზოგიერთი მეცნიერის აზრით, პიტერ ბრეიგელის სურათს გვახსნებს, სადაც დიდი თევზები პატარა თევზებს ჭამენ. ამერიკა ახლა ევროკავშირთან ასეთ რეჟიმში ურთიერთობაზე გადავიდა. საერთოდ, მიმდინარე პროცესები, თუნდაც ახლო აღმოსავლეთში მომხდარი მოვლენების შემდეგ ლტოლვილთა ნაკადის დაძვრა, ფაქტობრივად ევროპის ექსპანსიაა. ევროპა აღარ არის ის ევროპა, რომელიც რამდენიმე წლის წინ იყო. ჯერ ერთი, სტაბილური აღარ არის, ადგილი აქვს პერმანენტულ ტერორისტული აქტებს, გარდა ამისა,საგრძნობლად იცვლება ეთნიკური სურათი. გერმანიაში ოფიციალური მონაცემებით მილიონ სამასი ათასი ლტოლვილია, მაგრამ არაოფიციალური მონაცემებით, ეს რიცხვი გაცილებით უფრო მეტია. ყველაფერი ეს ევროპაში ძალიან დიდ პრობლემებს ქმნის.

ევროსკეპტიზიცმის გამარჯვება შემთხვევითი არ არის, ამ პროცესებს ხელი შეუწყო იმანაც, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ევროინტეგრაციას სკეპტიკურად უყურებდა. მაგალითად, იგივე საფრანგეთში, სულ ახლო წარსულში გაზეტმა „ფიგარომ“ გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის მომხრე 70% იყო. საფრანგეთი, მოგეხსენებათ, ერთ-ერთი ინიციატორია ევროგაერთიანების, მაგრამ დღეს ეს პროცენტი უკვე 30-მდეა დასული. ამიტომ, ამ მხრივ ჩვენ უნდა ველოდოთ შემდგომ დეზინტეგრაციულ პროცესებს.

-ევროკავშირის დაშლასთან დაკავშირებით პროგნოზირები ხშირად კეთდება, თუმცა დონალდ ტუსკის განცხადებით, 27-ვე ქვეყანა მტკიცედ არის განწყობილი, შეინარჩუნოს ერთობა. ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლა გახდება თუ არა ევროკავშირის დაშლის დასაწყისი და რომელი ქვეყანა შეიძლება იყოს შემდეგი?

-აგერ უკვე ჰოლანდიაში, იტალიაში და ფინეთშიც გაკეთდა განცხადებები ანალოგიური რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ევრობიუროკრატიას არავითარ შემთხვევაში არ აწყობს დეზინტეგრაციული პროცესები, ჩემი აზრით ეს პროცესი უკვე დაწყებულია.

-მაშინ რას ნიშნავს და რა ოპტიმისტურ საფუძვლებს შეიძლება ემყარებოდეს ტუსკის განცხადება?

- ის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ბიუროკრატია და ბუნებრივია, მომხრეა იმისა, რომ ევროკავშირი ამ ფორმით შენარჩუნდეს, მაგრამ ერთია სურვილი და მეორეა-რეალობა. ჩემი აზრით, ეს პროცესები წავა და იცით რატომ? მართალია, გლობალიზაცია თავის კანონებს გვკარნახობს, მაგრამ ახლა წინ უკვე ნაციონალური შეგრძნებები გამოდის, ქვეყნები ერი-სახელმწიფოს დაბრუნების მომხრენი არიან. გლობალიზაცია ფინასური კლანების ინტერესებშია, ხოლო ადამიანები გრძნობენ მთელ იმ წნეხს, რაც ამ პროცესმა მათ მოუტანა, ამიტომაც ერი-სახელმწიფოსკენ უნდათ მობრუნება.

- მას შემდეგ, რაც რეფერენდუმის შედეგები გამოცხადდა, ინგლისის სამეფოს წინააღმდეგ სხვადასხვა ნაღმმა ამოქმედება მომენტალურად დაიწყო. უკმაყოფილო შოტლანდია ბრიტანეთიდან გამოყოფის მოთხოვნით გამოდის, ხოლო ჩრდილოეთ ირლანდია ირლანდიასთან გაერთიანებას ითხოვს. საფრანგეთი დიდ ბრიტანეთს საზღვარზე კონტროლის შემსუბუქებით აშანტაჟებს. შეერთებულ შტატები კი ბრიტანეთთან სავაჭრო ურთიერთობების გადახედვით იმუქრება. გარდა ამისა, წინასწარი შედეგების გამოცხადების ფონზე, ფუნტი დოლართან მიმართებაში თითქმის 10%-ით გაუფასურდა. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა მზად ბრიტანეთი ამ მოზღვავებულ პრობლემებს გაუმკლავდეს?

- საქმე იმაშია, რომ ტრანსატლანტიკური ხელშეკრულების დადება ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელზედაც მე ზემოთ ვისაუბრე, გაცილებით უფრო დიდ საშიშროებას უქმნის ევროპას, ვიდრე ის პროცესები, რომლებიც ახლა მიმდინარეობს. თუკი ეს ტრანსატლანტიკური ხელშეკრულება ამოქმედდა, ევროპა კოლონიალურ მდგომარეობაში აღმოჩნდება. ეს ძალიან კარგად იციან ბრიტანეთში, ამიტომაც მათი გადაწყვეტილება შემთხვევითი არ არის. არსებობს საკმაოდ ჭკვიანი ხალხი, რომელიც ამ მოვლენებს წინააღმდეგობას უწევს.

მიუხედავად იმისა, რომ ინგლისს ამერიკასთან ანგლოსაქსური კავშირი აქვს და ევროპაში მისი ყველაზე უფრო დიდი დასაყრდენია, მაინც ევროსკეპტიკოსებმა გაიმარჯვეს. შემთხვევითი არ იყო, რომ ამერიკის პრეზიდენტი ჩავიდა და სთხოვა ინგლისელებს, შეენარჩუნებიათ ევროპული ერთობა, მაგრამ პროცესები სხვაგვარად წავიდა.

-როგორ ფიქრობთ, რამდენად სერიოზულად შეარყია დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირის იმიჯი?

-ინგლისი უდიდესი ისტორიის, პოლიტიკური გამოცდილების და მაღალი პოლიტიკური კულტურის ქვეყანაა. ბრიტანელები ისე არ მსჯელობენ, როგორც ქართველები, მათ რაც უნდოდათ, ის გააკეთეს. მოსახლეობას აქვს საღი აზრი და თავიანთი ქვეყნის ინტერესებზე არიან ორიენტირებულები. ძალიან კარგია, რომ ჩვენგან განსხვავებით, რეფერენდუმი შედეგების გაუყალბებლად დემოკრატიულად ჩაატარეს. მე ვთვლი, რომ ეს ძალიან პოზიტიური მომენტია.


-უკვე ცნობილი ხდება, რომ დევიდ კემერონი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს ოქტომბრისთვის დატოვებს. კემერონის გადადგომა რეფერენდუმის შედეგებით არის განპირობებული?

-რა თქმა უნდა, პრემიერი კემერონი იმ მესიჯით მოვიდა, რომ რეფერენდუმს ჩაატარებდა, თუმცა თვითონ ევროკავშირში ბრიტანეთის დარჩენის მომხრე იყო, ამიტომაც გააკეთა განცხადება გადადგომის შესახებ. ოქტომბერში, როდესაც არჩევნები იქნება, შესაძლოა, პრემიერად ბორის ჯონსონი ვიხილოთ, რომელიც ევროსკეპტიკოსების ძალიან აქტიური მომხრეა. ამიტომ, უნდა ვივარაუდოთ, რომ პროცესები სხვანაირად წარიმართება.

-რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი მაიკ მაკფოლი თვლის, რომ ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგი, ვლადიმერ პუტინის საგარეო პოლიტიკის გამარჯვებაა. რეალურად, რა წილი შეიძლება ჰქონდეს რუსეთს ამ პროცესში?

-იცით რა, შეიძლება ეს პირდაპირ პუტინის გამარჯვება არ არის, მაგრამ ის ეკონომიკური სანქციები, რომელიც ევროპამ რუსეთს დაუწესა, თვითონ ევროპაზეც ძალიან უარყოფითად აისახა. მით უფრო, რომ ამ ქვეყნის დელეგაციები რუსეთში ცალ-ცალკე ჩადიოდნენ და ხელშეკრულებებს აფორმებდნენ. რატომ? იმიტომ რომ რუსეთის ბაზარი მათთვის არის ძალიან მიმზიდველი, რადგან ყველაფერი მაინც ეკონომიკაზე გადის. ამ სანქციების დაწესება ევროპისთვის მიზანშეწონილი არ იყო. მოგეხსენებათ, ეს ოკეანის მიღმა სახელმწიფოს კარნახით მოხდა, თვითონ ამერიკა ამით მაინცდამაინც არ დაზარალდა, იმიტომ რომ რუსეთთან ვაჭრობის დიდი ტვირთბრუნვა არა აქვს, მაგრამ ევროპა ძალიან დაზარალდა, განსაკუთრებით, სოფლის მეურნეობის სფერო. ამიტომ საღმა ეკონომიკურმა ინტერესმა გაიმარჯვა.

-თუ ევროკავშირის დაშლილის პროცესი გარდაუვალია და დაწყებულია, მაშინ საითკენ არის საქართველოს სწრაფვა მიმართული და რა გავლენას იქონიებს ეს ვითარება ჩვენს ქვეყანაზე?

-საერთოდ მინდა გითხრათ, რომ საქართველოში რა ანალიზებიც კეთდება, მე არ ვიცი რითია ეს გამოწვეული, უცოდინრობით, გამყიდველობით თუ რითი... აბსოლუტურად არაადეკვატური ანალიზი კეთდება, არ სწავლობენ იმ პროცესებს, რაც ევროპაში მიმდინარეობს. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, მე ძალიან იშვიათად მომისმენია საუბარი რეალურ ვითარებაზე და საქართველოს ამოცანაზე ამ პირობებში.

თუმცა, ეს პროცესი ხელს შეუწყობს ერი-სახელმწიფოს შენარჩუნებას. ამ მხრივ საქართველო ახლა მომგებიან პოზიციაშია, რადგან დასავლეთი გვაიძულებდა მათ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას იგივე, ერთსქესიანთა ქორწინების თუ ანტიდისკრიმინაციული კანონების მიღების სახით. ეს იყო დირექტივები, თუმცა არა მხოლოდ დირექტივები, არამედ ჩვენი ისაკუთარი ინიციატივებიც, ჩვენ ხომ რომის პაპზე მეტი კათოლიკეები უნდა ვიყოთ ხოლმე. იმედია, ჩვენი პოლიტიკური ისტებლიშმენტი მიმდინარე პროცესების შესახებ გარკვეულ ანალიზს გააკეთებს, რადგან ხალხი მართლა ცოდოა, ამდენ ტყუილში ცხოვრება აღარ შეიძლება. ამიტომ ვთვლი, რომ საქართველომ პრაგმატული პოლიტიკა უნდა აწარმოოს.

-რაც შეეხება საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას, შექმნილი მდგომარეობის გამო შეიძლება თუ არა, რომ ეს პროცესი დღის წესრიგიდან საერთოდ გაქრეს? კიევში უკვე კეთდება განცხადებები იმის თაობაზე, რომ უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების პროცესი გადაიდო...

-რა დროს ვიზალიბერალიზაციაა, როდესაც ევროპა ამ პრობლემებშია.მეორე საკითხია ის, თითქოს საქართველოსთვის მთავარი ამოცანა ვიზალიბერალიზაცია იყოს. საქართველომ თვითონ უმდა მიხედოს თავის თავს, ეკონომიკა უნდა განამტკიცოს, დემოკრატიული ინსტიტუტები შექმნას და მერე ევროპა აქეთ შეეხვეწება. ახლა ჩვენ ვეხვეწებით და ისინი პროცესს გვიჭიანურებენ. ძალიან არასახარბიელო მდგომარეობაში ვართ. ვიზალიბერალიზაცია, მე რომ მკითხოთ, რამდენად არის დადებითი შედეგის მომტანი, ეგეც საკითხავია. თუ ნახევარი საქართველო გაიკრიფა, მაშინ რად გვინდა ეს ქვეყანა? მთავარი ამოცანა ის არის, რომ ქართველებმა ჩვენს ქვეყანაში თავი კარგად იგრძნონ, ისეთი პირობები უნდა შევუქმნათ, რომ იქით კი არ მირბოდნენ, პირიქით, იქიდან აქ ჩამორბოდნენ, საქართველოში, ამაზე უნდა ვიფიქროთ. იგივე ითქმის რუსეთთან ვიზალიბერალიზაციაზეც, ისედაც მილიონ ორასიათასი ქართველია რუსეთში წასული და თუ ეს ქვეყანა მოსახლეობის გარეშე დარჩა, ყველაფერს აზრი ეკარგება...

წყარო: საზოგადოება.ge

წაუკომენტარე

ასევე საინტერესოა

loading...